English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘ მარინა ჩავლეიშვილი
ლურჯი მოცვის წარმოების შესაძლებლობები საქართველოში

PDF ვერსიის სანახავად დააჭირეთ ბმულს

 

მსოფლიოში კენკროვანი კულტურების ნაყოფზე, მათ შორის - ლურჯ მოცვზე მოთხოვნის ზრდადი ტენტენცია შეინიშნება. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა ევროკავშირი, რუსეთი, ჩინეთი, არაბეთის გაერთიანებულ ემირატები და სხვ.  დღეისთვის, მსოფლიოში წარმოებული ლურჯი მოცვი ვერ აკმაყოფილებს ბაზრის მოთხოვნას. ბოლო ათი წლის განმავლობაში ევროკავშირში ნედლი ლურჯი მოცვის ექსპორტი გაორმაგდა. თუმცა, მზარდი ბაზრის კვალდაკვალ, ბევრ რეგიონში არსებული რესურსები ჯერ კიდევ არ არის სრულად გამოყენებული. 

 საქართველოს აღმოაჩნდა ლურჯი მოცვის წარმოების საუკეთესო ნიადაგურ-კლიმატური პირობები, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხარისხიანი ნედლეულის მიღების შესაძლებლობას იძელვა. ამდენად, არსებული ვითარება კიდევ უფრო აქტუალურს ხდის ლურჯი მოცვის წარმოებისა და მისი სამომავლო განვითარების ანალიზს. მნიშნელოვანია შეფასდეს ქვეყნის პოტენციალი ამ მიმართულებით, დადგინდეს წარმოების ეფექტიანობის პარამეტრები, მოხდეს საექსპორტო პოტენციალის გაზრდა და ცნობადობის ამაღლება.  

ნაშრომში წარმოდგენილია საქართველოში ლურჯი მოცვის წარმოების შესაძლებლობები, ბაზრის ანალიზი და მისი განვითარების ტენდენციები; შეფასებულია ლურჯი მოცვის მსოფლიო ბაზარი, არსებული მდგომარეობა. გაანალიზებულია ლურჯი მოცვის საექსპორტო პოტენციალი, საერთაშორისო ბაზარზე სამომავლო პერსპექტივები, წარმოდგენილია SWOT შეფასება. საქართველოში წარმოებული ლურჯი მოცვის საერთაშორისო ბაზარზე ადგილის დასამკვიდრებლად გამოვლენილია მისი პოტენციური უპირატესობები, სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები; ჩატარებული  კვლევა დაეხმარება აღნიშნული საკითხებით დაინტერესებულ პირებს, რათა სრულყოფილად გააანალიზონ სამომავლოდ საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი პერსპექტიული კულტურის – ლურჯი მოცვის წარმოებისა და განვითარების შესაძლებლობები. ჩატარებული ანალიზის საფუძველზე წარმოდგენილია შესაბამისი დასკვნები.

საკვანძო სიტყვები: ლურჯი მოცვის წარმოება, ლურჯი მოცვის მსოფლიო ბაზარი, მოცვის ექსპორტი-იმპორტი, ლურჯი მოცვის ფასი.

Jel Codes:  R30, R31, R32.



შესავალი

მსოფლიოში კენკროვანი კულტურების ნაყოფზე მოთხოვნის ზრდადი ტენტენცია შეინიშნება.  აღნიშნული კულტურების წარმოების შესაძლებლობები ბევრ ქვეყანას და, მათ შორის, საქართველოსაც  გააჩნია. ბოლო ათი წლის განმავლობაში ევროკავშირში ნედლი კენკრის იმპორტი გაორმაგდა. თუმცა, მზარდი ბაზრის კვალდაკვალ, ბევრ რეგიონში არსებული რესურსები ჯერ კიდევ არ არის სრულად გამოყენებული. პროდუქტის მოხმარება განსაკუთრებით გაზრდილია ევროკავშირში, ჩინეთში, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში და სხვ. ბუნებრივია, ამ მხრივ, ცვლილებები შეინიშნება საქართველოშიც. აშკარაა, რომ კენკროვანი კულტურების ნაყოფების წარმოების მასშტაბები იზრდება.  ქართველი მეწარმეები ცდილობენ  პროდუქტი ევროპის და სხვა რეგიონის მომხმარებლებს შესთავაზონ. კენკროვან კულტურებში, წარმოებისა და გამოყენების მხრივ, მაღალი ხვედრითი წონა მარწყვს გააჩნია, მაგრამ თანდათან იზრდება ლურჯ მოცვზე (Blueberrys)  მოთხოვნა. 

საქართველოს ბაზრისთვის მოცვი შედარებით ახალი კულტურაა, რომელიც ქვეყანაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მოცვს, როგორც სხვა კენკროვნებს, გამოყენების ფართო და მრავალმხრივი შესაძლებლობა აქვს. ის მოიხმარება როგორც ხილი, ასევე საუკეთესო ნედლეულია გადამამუშავებელი მრეწველობის დარგისათვის. კულტურას, გამოყენების თვალსაზრისით, უნიკალური თავისებურებები გააჩნია. მისი ნაყოფი მდიდარია აუცილებელი ორგანული მჟავებით, სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი მინერალებით, ვიტამინებით, აქვს ბაქტერიოციდული მოქმედება (შენგელია ზ. 1983), შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რაც ამცირებს  თრომბოზისა და მიოკარდიუმის ინფარქტის რისკს, ხელს უწყობს ბადურის უჯრედების რეგენერაციას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და მხედველობას და სხვა. კვლევებმა დაადასტურა, რომ მისი სისტემური გამოყენება კვებავს თავის ტვინს და აძლიერებს გონებრივ შესაძლებლობებს. ყველა ეს თვისება მოცვის კულტურას აფასებს, როგორც დაბერების  საწინააღმდეგო საშუალებას (დათეშიძე ლ. 2000).

საქართველოს ნიადაგურ-კლიმატური პირობები შესაძლებლობას იძლევა ბაზარს მიეწოდოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხარისხიანი მოცვის პროდუქტი. ქვეყანაში არსებული მოცვის სახეობიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია ლურჯი მოცვი, რომლის ექსპორტი ბოლო ხუთი წელია საგრძნობლად გაიზარდა. მოცემული ვითარება კიდევ უფრო აქტუალურს ხდის ლურჯი მოცვის წარმოებისა და მისი სამომავლო განვითარების შესაძლებლობების კვლევას. აღნიშნული კულტურა ახალია და არ არის ენდემური ქართული აგრარული სფეროსთვის. ამდენად, კვლევის მიზანია ლურჯი მოცვის წარმოების არსებული მდგომარეობისა და სამომავლო პოტენციალის შეფასება. 

დასახული მიზნიდან გამომდინარე, შევისწავლეთ ლურჯი მოცვის მსოფლიო ბაზარი, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი, საერთაშორისო ბაზარზე სამომავლო პერსპექტივები, წარმოვადგინეთ SWOT ანალიზი, კერძოდ, გამოვავლინეთ პოტენციური უპირატესობები, სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები.

 

ლურჯი მოცვის მსოფლიო ბაზარი 

 

მსოფლიო ბაზარზე კენკროვანი კულტურების და მათ შორის, ლურჯი მოცვის წარმოება  იზრდება.  ბაზარზე ლიდერთა შორის ძირითადი ექსპორტიორი ქვეყნებია სამხრეთ ნახევარსფეროდან, თუმცა, წარმოების სწრაფი ზრდა შეინიშნება ევროპაშიც (ესპანეთი, პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი და სხვა). მიუხედავად ლურჯი მოცვის წარმოების გაზრდილი მაჩვენებლებისა, მსოფლიო ბაზარზე მასზე მოთხოვნა გაცილებით დიდია, ვიდრე მისი მიწოდება.

ლურჯი მოცვის წარმოებაში ლიდერი ქვეყნებია აშშ  და კანადა. FAO-ს 2019 წლის მონაცემებით, ლურჯი მოცვის მსოფლიო წარმოება 823 328 ტონას შეადგენს. მთლიანი  წარმოების  37.5% აშშ-ზე, ხოლო კანადაზ - 21.4% მოდის. მომდევნო  ადგილზეა პერუ -17.3%-ით. მთლიანობაში სამივე ქვეყანაზე წარმოებული ლურჯი მოცვის 76.2% მოდის, მათ შორის, ნახევარზე მეტი აშშ-სა და კანადის (58.9%) წილია. ასევე, ლურჯი მოცვის წარმოების თვალსაზრისით გამოირჩევა შემდეგი ქვეყნები (იხ. ცხრილი1): პოლონეთი, ესპანეთი, მექსიკა, გერმანია, პორტუგალია, ნიდერლანდები და სხვა (FAO, 2019). 2019 წელს, 2008 წლის ოფიციალურ მონაცემებთან მიმართებით, მსოფლიოში ლურჯი მოცვის წარმოება 2.8-ჯერ არის გაზრდილი, კერძოდ -  290926  ტონიდან 823328 ტონამდე.




მსოფლიოში ლურჯი მოცვის წარმოება  (ფართობი, მოსავალი, მოსავლიანობა)

ცხრილი 1

 

ქვეყნები

2019       

ჰექტარი(ჰა)

კგ/ჰა

ტონა

ჰა(%)

ტონა(%)

1

აშშ 

41560

74293

308760

34.9

37.5

2

კანადა 

40623

43356

176127

34.14

21.4

3

პერუ 

8502

167522

142427

7.14

17.3  

4

პოლონეთი

8480

41002

34770

7.12

4.2        

5

მეხიკო 

4319

113450

48999

3.63

5.1

6

ესპანეთი 

4030

132457

53380

3.38

6.5

7

გერმანია 

3160

46994

14850

2.65

2.0

8

პორტუგალია 

1930

67306

11060

1.62

1.4      

9

ავსტრალია     

1675

36770

6159

1.40

1.0

10

ნიდერლანდები 

1110

99640

11060

0.93

1.5

11

ახალი ზელანდია 

755

47762

3606

0.63

0.4       

12

რუსეთის ფედერაცია 

663

52790

3500

0.55

0.4       

13

ლატვია 

510

9216

470

0.421

0.1     

14

უკრაინა 

500

47800

2390

0.42

0.3

15

ხორვატია 

290

12414

360

0.24

0.1

16

რუმინეთი 

210

29048

610

0.17

0.1

17

ავსტრია   

200

67500

1350

0.16

0.2

18

ლიეტუა 

200

20500

410

0.16

0.1 

19

ბელგია 

170

47059

800

0.14

0.1

20

შვეიცარია

104

53942

561

0.08

0.07

21

უზბეკეთი 

93

71935

669

0.07

0.08

22

დანია

80

16250

130

0.06

0.02

23

ფინეთი 

80

150000

200

0.06

0.03

24

სხვა ქვეყნები

228

126921

680

   

24

სლოვენია    

60

48333

290

0.05

0.04

25

სლოვაკეთი 

50

26000

130

0.04

0.02

26

შვედეთი 

40

22500

90

0.03

0.01

27

უნგრეთი

40

10000

40

0.03

0.01

28

მაროკო 

19

45263

86

0.01

0.01

29

ნორვეგია 

19

23158

44

0.01

0.01

 

სულ

118  962

6.9209

823328

100

100

 

მსოფლიოში ლურჯი მოცვის საერთო ფართობია 118 962 ჰა, მათ შორის აშშ-სა და კანადაზე დაახლოებით 69% მოდის. შემდეგ ადგილს, თითქმის თანაბარი მაჩვენებლებით,  პერუ (7.14%) და პოლონეთი (7.12%) იკავებს. მოცვის ბაზარზე ძირითად ექსპორტიორ ქვეყნებად რჩება  აშშ, კანადა, პოლონეთი, უკრაინა, ჰოლანდია, გერმანია. 

როგორც აღვნიშნეთ, ბაზარზე ლიდერი და მთავარი კონკურენტი ქვეყანაა აშშ. მწარმოებლებთან განსაკუთრებით მაღალი კონკურენციაა მოსალოდნელი ჩრდილოეთ ამერიკაში პიკის სეზონის დროს. ქვეყნებში, სადაც მოსავლის აღება იწყება ადრე ან გვიან, შეიძლება წარმატებული თანამშრომლობა ამერიკელ საცალო მოვაჭრეებთან, რომელთა მხრიდან ლურჯ მოცვზე მოთხოვნა მთელი წლის განმავლობაში გრძელდება.  ლურჯი მოცვის ყველაზე მაღალი მოხმარება აშშ-შია, სადაც აღნიშნულ პროდუქტს მომხმარებელთა 30% წლის ნებისმიერ დროს ყიდულობს, მაგრამ თუ შევადარებთ მარწყვს, უნდა აღინიშნოს, რომ მას წლის განმავლობაში ამერიკული ოჯახების 70% იძენს (ჩავლეიშვილი მ. 2012, 515). თუმცა, მოცვი თანდათან  პოპულარული კულტურა ხდება მსოფლიოში,  რასაც ბოლო წლებში მისი  მოხმარების სწრაფი ტემპით ზრდა ადასტურებს.

2020–2021 წლებში მოცვის ექსპორტი განსაკუთრებით წარმატებული გახდა  სამხრეთ ნახევარსფეროში, კერძოდ,  განხორციელდა 312,000 ტონაზე მეტი მოცვის ექსპორტი, რომელიც წინა სეზონთან შედარებით 20% - ით გაიზარდა. ექსპორტი განახორციელა მსხვილმა ექსპორტიორმა ქვეყნებმა: პერუ, ჩილე, სამხრეთ აფრიკა და კოლუმბიამ. სტატისტიკა აჩვენებს, რომ პერუ რჩება მოცვის უმსხვილეს ექსპორტიორად სამხრეთ ნახევარსფეროში, მან განახორციელა ნედლი მოცვის ექსპორტი 160.000 ტონა, მისი წლიური ზრდა იყო 36%. სამხრეთის ქვეყნებიდან მეორე დიდი ექსპორტიორი ქვეყანაა ჩილე. ამავე პერიოდში მისმა ექსპორტმა შეადგინა 118.000 ტონა პროდუქტი, რაც წინა წელთან შედარებით, 8%-ით არის გაზრდილი. მან გაზარდა ფართობი, რომელიც გაყინული პროდუქტისთვის იყო განკუთვნილი. გაყინული მოცვის  ექსპორტის ძირითადი ზრდა პერუდან მოდის, ჩილემ ასევე შეინარჩუნა სტაბილური ექსპორტი. სამხრეთ ნახევარსფეროს სხვა ქვეყნები მხოლოდ მცირე მოცულობით ექსპორტს ახორციელებდა. ჩილეს აქვს უპირატესობა ბაზრის განაწილების თვალსაზრისით, უფრო დიდი დაფარვით აზიასა და ოკეანეთში. 

მოცვის ბაზარზე იზრდება ექსპორტი სამხრეთ ნახევარსფეროდან, მაგრამ მსოფლიო ბაზარზე წამყვანი ადგილი  ჩრდილოეთ ამერიკას უკავია. ის ყველაზე დიდი ბაზარია, რომელზეც 2020-2021 წ.წ. მოდიოდა  მოცვის   ექსპორტის 55% -ზე მეტი. გასულ სეზონთან მიმართებით  მაჩვენებელი  21%-ით არის გაზრდილი (2020–2021 Blueberry Yearbook …). აშშ–ში ნედლი მოცვის მიწოდება სტაბილურად ზრდადია როგორც იმპორტის, ასევე ადგილობრივი წარმოების თვალსაზრისით. ასევე  გაიზარდა მიწოდება ჩინეთის ბაზარზეც. 

ამდენად, მოცვის გლობალური მიწოდება მრავალფეროვანია, ადგილობრივი წარმოების მოცულობის ზრდამ გავლენა მოახდინა სამხრეთ ნახევარსფეროს ექსპორტიორებზე. აშშ–ში მოცვის მიწოდებას განსაზღვრავს ადგილობრივი წარმოება და მექსიკა, ხოლო – ევროპაში ადგილობრივი მიწოდება ესპანეთიდან და მაროკოდან მოდის. ჩინეთში ასევე არის შიდა კონკურენცია ადგილზე მოყვანილი სათბურის მოცვისგან, რომელიც ბოლო წლებში ზრდადი ტრენდით ხასიათდება.

 

საქართველოში ლურჯი მოცვის წარმოების პოტენციალისა  და 

საექსპორტო შესაძლებლობების შეფასება 

 

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საქართველოში მოცვის წარმოების მასშტაბები თანდათან იზრდება. ჩვენი ქვეყნისთვის  მოცვი არ არის ენდემური კულტურა, თუმცა, ველური ფორმით მისი მოპოვება და გამოყენება საუკუნეების მანძილზე მიმდინარეობდა. მას, როგორც  უმეტესი  კენკროვნების  დიდ  ნაწილს,  მოსახლეობა ტყეში  კრეფდა. მოცვი 100-მდე სახეობას აერთიანებს. საქართველოში ამ გვარის 4 სახეობა გვხვდება (საქართველოს ფლორა....):  მთის მოცვი, ლურჯი მოცვი და წითელი მოცვი (სუბალპურ და ალპურ სარტყელში), კავკასიური მოცვი (კოლხური ტიპისა და ჩრდილო- აღმოსავლეთის  ტყეებში). 

საქართველოში ლურჯი მოცვის  კულტურის გაშენება 2006 წლიდან დაიწყო. ქვეყანაში მოცვი პოპულარული კულტურა გახდა. თავდაპირველად  ნერგები  აშშ-დან შემოიტანეს. კულტურა წარმატებით შეეთვისა საქართველოს   კლიმატს,  კერძოდ, სუბტროპიკული   ზონის   ტენიან   პირობებს.  თავდაპირველად საცდელი ნაკვეთები  გაშენდა გურიაში, სამეგრელოსა და აჭარაში, ასევე  კასპსა და  ქუთაისში. მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ მოცვის წარმოების განსაკუთრებით დიდი პოტენციალი დასავლეთ საქართველოშია, მათ შორის, ყველაზე უფრო ხელსაყრელი ნიადაგური და კლიმატური პირობები არის გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში. საქართველოში მოყვანილი ლურჯი მოცვი გამოირჩევა განსაკუთრებული ხარისხით, გემოთი, რომელიც მნიშვნელოვანია მისი საექსპორტო პოტენციალის შეფასებისთვის. ამასთან, ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ საქართველოში წარმოებული ლურჯი მოცვი კლიმატური პირობების წყალობით შესაძლებელია მივიღოთ ერთი თვით ადრე, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ეს გასაღების რეალური ბაზრის არსებობის საფუძველს ქმნის, რაც შესაძლებლობას იძლევა მწარმოებლებმა მიიღონ გარანტირებული შემოსავალი.

საქართველოში ძირითადად გაშენებულია ლურჯი მოცვი, რომელსაც სიმწიფის სხვადასხვა პერიოდი აქვს. საადრეო ჯიშებია (მაისი-ივნისი): ონეილი, მისტი, დიუკი, ტორო; საშუალო სიმწიფის (ივნისი - ივლისი): ლუკროპი, ლეგასი, ბერკლი, პატრიოტი, ბრიგიტა ბლუ, სანრაისი, ელიზაბეტი, ერლი ბლუ, ბლუგოლდი, ჩენდლერი, შანტეკლერი, რეკა, პრემიერი, ოზარკ ბლუ; საგვიანო ჯიშები (ივლისი-აგვისტო): სპარტანი, ბრაიტველი, კლაიმაქსი. პრაქტიკამ დაადასტურა, რომ  საქართველოს პირობებისათვის შერჩეული და რეკომენდებულია ორი ჯიში: ლეგასი და ბლუკროპი (მოცვის წარმოების....2020). ლურჯი მოცვი კარგად ხარობს მჟავე ნიადაგზე, რომელიც განოყიერების გარეშე სხვა კულტურებისთვის გამოუსადეგარია. ლურჯი მოცვის მოსავლიანობა ჰექტარზე 8-12 ტონის ფარგლებში მერყეობს, ერთი კგ. ნაყოფის ადგილზე სარეალიზაციო ფასია $3-5. საბაზრო ღირებულება გაცილებით მაღალია. საცალო სარეალიზაციო ქსელში, მაგალითად, სავაჭრო ცენტრ ,,გუდვილში“ და „ნიკორაში“ ზოგჯერ მისი ფასი 30—35  ლარის ფარგლებშია. ევროკავშირში საშუალო ფასი 4-10 ევრომდე მერყეობს. 2020-2021 წლის მონაცემებით, საქართველოში  1 კგ. ლურჯი მოცვის ფასი  $5-9-ის ფარგლებშია. ნათელია, რომ ლურჯ მოცვს საქართველოში დიდი პერსპექტივა გააჩნია, იგი რენტაბელურია და სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში შეუძლია გააუმჯობესოს ფერმერთა მდგომარეობა. მცენარე დარგვიდან 2-3 წელიწადში იძლევა მოსავალს და საშუალოდ ერთი ნერგი 1-2 კგ., ხოლო სრული მოსავლის პირობებში – 6-8 წლიანი ნერგი 4-6- კგ-ზე მეტ მოსავალს იძლევა. ბაღის კომერციული გამოყენების პერიოდი 35-40 წელია. მსხმოიარობაში ადრე შესვლასთან ერთად, კენკროვანთა ნაყოფი ადრევე შედის სიმწიფეში, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ნედლი ხილით მომარაგებაში. შედარებით ადვილად მრავლდება ვეგეტაციური წესით - კალმით, ამონაყრით, გადაწვენით. ლურჯი მოცვის ბიზნესის დაწყება შედარებით მაღალ ინვესტიციებს მოითხოვს, მაგრამ სწორი მენეჯმენტისა და მარკეტინგული შესაძლებლობების შეფასების შემთხვევაში, ის მაღალ შემოსავალს იძლევა. მოცვის წარმოების დასაწყებად აშშ-ში ერთ აკრზე (4047 კვ.მეტრი) $6 000-დან $8 000-მდეა საჭირო (რიჩარდ დ. 2007, 5). საქართველოში მცირე ზომის ფერმერული მეურნეობისათვის ეს თანხა დასაწყისისთვის შედარებით მაღალია. ჰა– ზე გაანგარიშებით, ბაღის გაშენების დანახარჯები დაახლოებით 34 000 - 39 000 ათასი ლარს უტოლდება, ყოველწლიური დანახარჯი 5000-7000 ლარია. ჰა–ზე გადაანგარიშებით საშუალო შემოსავალი სრულმსხოიარე ფართობიდან დაახლოებით 40 000 - 50 000 ლარის ფარგლებში მერყეობს. ჰა–ზე საშუალოდ შესაძლებელია დაახლოებით 3000-3300 ნერგის დარგვა (ლურჯი მოცვი....2021). საქართველოს პირობებში შეიძლება დადებით მხარედ ჩაითვალოს ის, რომ ნერგი ხელმისაწვდომია და მცენარე კარგად ეგუება ქვეყნის კლიმატურ პირობებს, ამასთან, მაღალია ალბათობა იმისა, რომ უკვე მესამე წელს მივიღოთ მოგება, რომელიც მომდევნო წლებში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

საქართველოში, 2006 წლიდან დღემდე,  ლურჯი მოცვის წარმოების მასშტაბები იზრდება. გაშენდა ახალი ფართობები.  2017 წლის მონაცემებით საქართველოში მოცვის პლანტაციები დაახლოებით არის 205 ჰა, ხოლო მთლიანმა მოსავალმა დაახლოებით 249 ტონა შეადგინა. 2020 წელს  საგრძნობლად გაიზარდა მოსავალი, რომელმაც 700 ტონას მიაღწია. მიმდინარე, 2021 წელს მოლოდინია მოსავალი 1500 ტონამდე გაიზარდოს. აღნიშნული ტემპით, ექსპერტების ვარაუდით, არსებული ფართობების პირობებში მომდევნო სამი წლის განმავლობაში წარმოებამ შეიძლება 4000 ტონას მიაღწიოს. 

ეტაპობრივად იზრდება საქართველოდან ლურჯი მოცვის ექსპორტი. პანდემიის მიუხედავად,  2020 წელს ლურჯი მოცვის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა  2016 წლის მაჩვენებელს დაახლოებით 2-ჯერ გადააჭარბა (იხ. დიაგრამა 1). 

 

ლურჯი მოცვის ექსპორტი ( ათასი აშშ დოლარი)

დიაგრამა 1

წყარო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

2020  წელს ლურჯი მოცვის ექსპორტი შემდეგ ქვეყნებში განხორციელდა: რუსეთი (3.5 მლნ დოლარი), სომხეთი (78.2 ათასი დოლარი), არაბთა გაერთიანებული საამიროები (57.5 ათასი დოლარი), პოლონეთი (54,0 ათასი დოლარი), უკრაინა (23.1 ათასი დოლარი) და ყატარი (16.8 ათასი დოლარი). 2016 წელთან შედარებით, 2020 წელს, თითქმის 2-ჯერ არის გაზრდილი ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი (იხ. დიაგრამა 2)

 

ქართული მოცვის ექსპორტი (ქვეყნები, 2020 წელი)

დიაგრამა 2

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მოცვის ექსპორტი დინამიკაში ქვეყნის მასშტაბით ზრდადია, ასევე ფართოვდება საექსპორტო ბაზრებიც. 2015 წლის მონაცემებთან შედარებით, საექსპორტო ქვეყნებს დაემატა არაბთა გაერთიანებულ ემირატები, პოლონეთი, ყატარი, უკრაინა (იხ. ცხრილი 2)

 

საქართველოდან ლურჯი მოცვის ექსპორტი ქვეყნების მიხედვით (ათასი აშშ დოლარი)

ცხრილი 2

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

საქართველოში ლურჯი მოცვის წარმოებას განსაკუთრებული მხარდაჭერა აქვს სახელმწიფოს მხრიდან. თავდაპირველად, კერძოდ 2010-2013 წწ.-ში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, პილოტური პროექტის ფარგლებში ხორციელდებოდა მოცვის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც სს „სოფლის მეურნეობის კორპორაციამ“ დაიწყო. პროგრამის მიზანი იყო საქართველოში განავითაროს მოცვი, როგორც ახალი პროდუქტი, კერძოდ - პირველადი წარმოება, წარმოების მოტივაციის შექმნა საქართველოს მასშტაბით, სანერგე მასალის გამოყვანა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე საქართველოში წარმოებული პროდუქტის პოპულარიზაცია. 

პროგრამის ფარგლებში დაიწყო  ლურჯი მოცვის სადემონსტრაციო ბაღების გაშენება აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში. ამით საფუძველი ჩაეყარა კონკურენტუნარიანი ლურჯი მოცვის წარმოების განვითარებას, ამაღლდა ფერმერთა მოტივაცია, რაც შესაძლებელს გახდის უცხოური და ადგილობრივი ინვესტორების მოზიდვასაც.

წარმატებით ხორციელდება  პროგრამის „დანერგე მომავლის“ ფარგლებში ლურჯი მოცვის წარმოების წახალისება დაინტერესებული პირებისათვის. პროგრამის ბაღების კომპონენტის ფარგლებში განსაზღვრულია ლურჯი მოცვის გაშენება შემდეგ რეგიონებში: გურია, აჭარა, სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი. ფინანსდება ნერგების ღირებულების 70%, სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში - 80%. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში  განაცხადები მიიღებოდა 2020 წლიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით. „კენკროვანი კულტურების  დაფინანსების ქვეკომპონენტი“ ითვალისწინებს კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენებისათვის საჭირო ნერგების, წვეთოვანი სარწყავი სისტემის და სხვა საჭირო მასალების შეძენისა და მოწყობის ღირებულების 100% დაფინანსებას 0.15 ჰა-დან 0.5 ჰა-ს ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე (დანერგე მომავალი...). ფინანსების მოცულობა და 0.5 ჰა–ზე დასარგავი ნერგების რაოდენობა ლურჯი მოცვისთვის შედეგნაირად არის განსაზღვრული: მაქსიმალური ნერგების ოდენობა (0,5 ჰა-ზე გაანგარიშებით) - 1500, დაფინანსების მაქსიმალური რაოდენობა ადგილობრივი ბაზრის გათვალისწინებით 7 ლარი ერთეულ ნერგზე, იმპორტირებული ნერგისთვის 8.8 ლარი (აშშ/ ევროკავშირი), ხოლო სხვა დანარჩენი მსოფლიო - 7.8 ლარი; ფინანსდება ნერგის ღირებულების 100%. 

დღეისათვის, საქართველოში ლურჯი მოცვის ნერგებს – პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში უზრუნველყოფს შპს „აგრო-აგორა“ (ზუგდიდი, რუხი), შპს „სტალკერ“(ბათუმი),  რკ „ქართული ნერგები“ (ლაგოდეხი, საქობო) და შპს „მწვანე ოსტატი“ (აბაშა, წყემი), შპს „საქართველოს აგრარული გაერთიანება“ (გურჯაანი, ველისციხე). იმპორტირებული ნერგების მომწოდებელი კომპანიებია შპს „ბლუბერი“, შპს „აგრო-აგორა“, შპს „საქართველოს აგრარული გართიანება“, შპს „მოცვის წარმოების პარტნიორი“. ნერგების იმპორტი შემოდის შემდეგი ქვეყნებიდან: აშშ, კადანა, გერმანია, პოლონეთი, ბელორუსი, უკრაინა.

ბაზარზე ყველაზე დიდი ერთიანი კომპანია, რომელიც ახორციელებს  მენეჯმენტს  ლურჯი მოცვის წარმოებისა და რეალიზაციის თვალსაზრისით, არის „ლურჯი ველი“. ის ოთხ კომპანიას აერთიანებს (შპს „მოცვი“, შპს „ქართული მოცვი“ და შპს „ჯეობერი“), რომლებიც ოზურგეთის რაიონში მოვლა-მოყვანის ერთნაირი ტექნოლოგიით მაღალხარისხიან ლურჯ მოცვს აწარმოებენ. 

კომპანიამ „ლურჯი ველი“  2019 წელს ლურჯი მოცვის პირველი კომერციული მოსავალი (დაახლოებით  65 ტონა) მიიღო. წარმოებაში გამოყენებულია სამი ძირითადი ჯიში: „ლეგასი“, „ონილი“ და „დიუკი“, რომელთაგან ყველაზე დაბალი მოსავალი დასავლეთ საქართველოს ბუნებრივ პირობებში აჩვენა „დიუკმა“. მიღებული მასავლის თითქმის 100% ექსპორტზე წავიდა. მოსავლის 10% შუამავლის (ბროკერები) მეშვეობით ევროკავშირის ბაზარზე გაიყიდა, ხოლო დარჩენილი ნაწილი რუსეთის ბაზარზე. საექსპორტო პერიოდია ძირითადად ივლისის თვე.  ამ პერიოდისთვის მოცვის ფასები აღნიშნულ ბაზრებზე შესაბამისად არის $8 და $6.5. უკვე ივლისის ბოლოდან აგვისტოს თვეში მოცვის ჩაბარების ფასი კლებულობს დაახლოებით $3-მდე. 

ქართველი მწარმოებლებისთვის კენკროვანი კულტურების და, მათ შორის, ლურჯი მოცვის სარეალიზაციოდ 3 ძირითადი ბაზარი მოიაზრება: ევროკავშირი, რუსეთი და აღმოსავლეთის ქვეყნები.  ევროკავშირის ბაზრებზე პროდუქტის ტრანსპორტირება თურქეთის სახმელეთო გზაზე გადის, რუსეთის ბაზარზე ტვირთის გადაადგილებას რუსული კომპანიები უზრუნვეყოფენ, სწორედ ამიტომ მათთვის მოცვის ჩაბარების ფასი, სატრანსპორტო ხარჯებიდან გამომდინარე, შედარებით დაბალია. რაც შეეხება აღმოსავლეთის ქვეყნებს, აქ პროდუტის ექსპორტის ხელისშემშლელი ფაქტორია ტემპერატურული კონტროლით აღჭურვილი სატვირთო ტერმინალის ნაკლებობა. საჰაერო ტრანსპორტი ღირებულებით ძვირია, ასევე რთულია იქ ტემპერატურული რეჟიმის დაცვა, რაც დანაკარგებთან არის დაკავშირებული. 

ამდენად, არსებობს ლოგისტიკური პრობლემები ახალი ბაზრების ათვისებისთვის, მაგალითად, ზოგიერთი რეგიონისთვის  შესაძლებელია მხოლოდ საჰაერო ტრანსპორტის გამოყენება (მაგალითად, აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები, მალაიზია), რაც საკმაოდ 10ძვირია.

გამომდინარე აქედან, კომპანია ცდილობს ინვესტიციები ჩადოს ტექნოლოგიებში, კერძოდ, შეიძინოს მაღალტექნოლოგიური სამაცივრე აგრეგატები: ნაყოფის გადასაზიდი მანქანა-რეფრეჟერატორები, წინასწარი გაციების აგრეგატი და სამაცივრე საწყობი. აღნიშნული კომპანიას შესაძებლობას მისცემს გააუმჯობესოს პროდუქტის ხარისხი. სამომავლოდ დაგეგმილია მარკეტინგული  მიმართულებით მუშაობა და ექსპორტის დივერსიფიკაცია, ასევე USAID-ის დახმარებით ლურჯი მოცვისთვის დახურულ გრუნტში  გვირაბის აგება, რომელიც პროდუქტის წარმოებისას მინიმუმამდე დაიყვანს გარემო ბუნებრივი ფაქტორებით გამოწვეულ რისკებს  და გაჩნდება საშუალება მიიღონ საადრეო მოსავალი.

საქართველოს ბაზარზე ლურჯი მოცვის მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანიაა „GeorgianBlue“. აღნიშნული ბრენდით პროდუქტს ბაზარს კომპანია „ეფკო“ აწვდის. კომპანიის მიზანია, განახლებული ხედვითა და ტექნოლოგიებით, მსოფლიოს გააცნოს ქართული ლურჯი მოცვი, როგორც მაღალხარისხიანი პროდუქტი (ბრენდი). შპს „ეფკო“ 2019 წლიდან გურიაში (დაბა ლაითური) ფუნქციონირებს. კომპანია  ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართული აგრო ექსპორტიორია მსოფლიო ხილ-ბოსტნეულის ბაზარზე. შპს „ეფკო“-მ  სოფლის განვითარების სააგენტოს დახმარებით გააშენა 36 ჰა  ლურჯი მოცვის პლანტაცია. ასევე, კომპანია ფლობს 326 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, რომელსაც ეტაპობრივად ითვისებს.  აღსანიშნავია, რომ 2020 წელს „ეფკომ" ბიზნესი გააფართოვა, (ჰორიზონტალური ინტეგრაცია) და საპარტნიორო ფონდის მიერ გამართულ აუქციონზე შეიძინა ლურჯი მოცვის კომპანიის  „ვანრიკ აგრო“ აქტივები (12,34 მლნ ლარი). მიმდინარე ეტაპზე კომპანიის წარმადობაა 600 ტონა ლურჯი მოცვის წარმოება („Georgianblue“... 2021).

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ  საქართველოში წარმოებული ლურჯი მოცვის ექსპორტი  დამატებითი ღირებულების გარეშე ხდება,  რაც გულისხმობს, რომ მოცვი პლანტაციიდან პირდაპირ გადის ექსპორტზე. კომპანიები იყენებენ სრულფასოვან „პოსტ-ჰარვესტ“ ინფრასტრუქტურას, რომელიც მოიცავს ნედლეულის სწრაფ გაგრილებას, სორტირებას, დაფასოებას და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი წარმოების პროცესის დანერგვას.  აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენება კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს ითანამშრომლონ მაღალი სტანდარტების  საექსპორტო ბაზრებზე არამატრო  რუსეთის, არამედ ევროკავშირის, აღმოსავლეთ აზიის, ყოფილი დსთ და სხვა ქვეყნების შემსყიდველებთან. 

2020 წელს, კომპანიამ „GeorgianBlue“  USAID-ის დახმარებით წარმატებით დანერგა GlOBALGAP და GRASP სტანდარტები.  აღნიშნული ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრებისთვის, კერძოდ, ეს ფაქტი ადასტურებს, რომ კომპანია აწარმოებს უვნებელ, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტს და ბაზარზე ოპერირებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით. კომპანია აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს უცხოეთის მსხვილ სუპერმარკეტებთან, რომლებიც მზად არიან ფასნამატის გადახდისთვის, რომელსაც გაიღებენ სორტირებული, დაფასოებული და ბრენდირებული მაღალი ხარისხის პროდუქტისთვის. კომპანია გეგმავს პროდუქტის შესყიდვას და ექსპორტირებას სხვა ქართული კომპანიებისაგან, რომლებიც ვერ ახდენენ პროდუქტის ექსპორტს. 

პრაქტიკამ აჩვენა, რომ ლურჯი მოცვის წარმოებამ საქართველოში გაამართლა და მას დიდი პერსპექტივები გააჩნია.  მართალია,  აღნიშნული კულტურა  არ არის ენდემური ჯიში, მაგრამ პილოტურმა პროექტმა მოცვის წარმოების შესახებ  და ექსპერტების რჩევამ ეფექტიანი შედეგები მოიტანა საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის. 

ჩატარებული კვლევის საფუძველზე მოკლედ შეიძლება წარმოვადგინოთ ლურჯი SWOT ანალიზი: 

  • ძლიერი მხარეებია: ხელსაყრელი ბუნებრივი (კლიმატი, ნიადაგი) პირობები; მოცვის მსოფლიო ბაზარი დეფიციტურია, მზარდია მოთხოვნა; პროდუქტის მაღალი ხარისხი; სახელმწიფოს მხარდაჭერა; მოსავლის ნაადრევად მიღება; წარმოების დაბალი დანახარჯები და მაღალი რენტაბელობა; საქართველოს ტერიტორიული მდებარეობა, კერძოდ, ნაკლები სატრანსპორტო დანახარჯებით ევროპისა და აზიის ბაზრებზე გასვლა; შესაბამისი ტექნოლოგიური აღჭურვილობა; ნედლეულის (ნერგები) ხელმისაწვდომობა. 

  • სუსტი მხარეები: ლოგისტიკის გაფართოება; ჯიშობრივი მრავალფეროვნების ნაკლებობა; ცნობადობის ამაღლება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე; მარკეტინგის სრულყოფა. 

  • შესაძლებლობები: მოთხოვნადი ბაზარი (შიდა და საგარეო); მზარდი ფასები; ექსპორტის გაფართოება; ახალი ფართობების ათვისება; გადამამუშავებელი წარმოების განვითარება. 

  • საფრთხეები: მოსალოდნელია მზარდი კონკურენცია, როგორც საშინაო, ასევე საგარეო ბაზრებზე; ინფლაციური პროცესები და ვალუტის კურსის არასტაბილურობა.

 

დასკვნა

შესწავლილი მასალის საფუძველზე ვასკვნით: 

  • არსებული მდგომარეობით, დეფიციტურია ლურჯი მოცვის როგორც შიდა, ასევე მსოფლიო ბაზარი. ყოველივე ეს სტიმულს უქმნის აღნიშნული კულტურის წარმოება ფართოდ გავრცელდეს, რაც ფერმერთა შემოსავლების გაზრდის წინაპირობაა;

  • საქართველოში არსებული კლიმატური პირობები, კენკროვანი კულტურების განვითარებისა და  გავრცელების მხრივ განხორციელებული სამუშაოები საუკეთესო საფუძველს ქმნის საადრეო ლურჯი მოცვის კულტურის წარმოებისათვის, რომელიც ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს გაზარდოს ექსპორტი; 

  • დასავლეთ საქართველოში არსებული მჟავე ნიადაგები საუკეთესო საფუძველია მოცვის წარმოების გაფართოებისთვის, ამასთან, ქვეყანას აქვს გამოუყენებელი შესაბამისი სტრუქტურის მიწის ფართობები, რომლის გამოყენება  შესაძლებელს გახდის გაშენდეს მოცვის პლანტაციები;  

  • პრობლემებია ლოგისტიკური თვალსაზრისით, რაც მოცვის მზარდი ბაზრის კვალდაკვალ შემდგომ განვითარებასა და სრულყოფას საჭიროებს; 

  • მნიშვნელოვანია მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, რომელიც კიდევ უფრო ცნობადს გახდის საქრთველოში მოყვანილი ლურჯი მოცვის უნიკალურ თვისებებს;  

  • მიუხედავად იმისა, რომ ჯეროვანია სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა აგრარული პროგრამებისა და პროექტების ფარგლებში, დამატებით საჭიროა ფერმერების ინფორმირებულობა ლურჯი მოცვის წარმოების ფართო შესაძლებლობებისა და მისი რენტაბელურობის შესახებ, რათა მეტი ბენეფიციარი ჩაერთოს დაფინანსების პროგრამებში;

ამდენად, ლურჯი მოცვის განვითარება საქართველოში პერსპექტიული ბიზნესია, რომელიც მრავალფეროვანს გახდის ქართულ აგრარულ პროდუქტს, იგი შემოსავლის წყარო იქნება მოსახლეობისათვის და ქვეყნის ეკონომიკასაც გარკვეულ სარგებელს მოუტანს.

 

ლიტერატურა:

 

  • შენგელია ზ. (1983), სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში,  თბილისი. 

  • დათეშიძე ლ. (2000), საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. „მეცნიერება“, ევრაზიის ფონდის გრანტი, USAID-ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom), თბილისი.

  • ჩავლეიშვილი მ. (2012). მოცვის მსოფლიო წარმოება და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში.  საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების პრიორიტეტები“. შრომების კრებული, თსუ.

  • მონაცემები დამუშავებულია  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემების საფუძველზე,  (2019).  http://www.fao.org/faostat/en/#data/QC   /ბოლო ნახვა, 3 აგვისტო 2021/.

  • 2020–2021 Blueberry Yearbook Reveals Southern Hemisphere Export Data, June 10, 2021. 

https://www.producereport.com/article/2020-2021-blueberry-yearbook-reveals-southern-hemisphere-export-data,

  • საქართველოს ფლორა. I -XI ტომი. თბ., 1971 - 1987.

  • მოცვის წარმოების აგროტექნოლოგია. (2020). USAID REAP, მებაღეობა.   https://agrokavkaz.ge/dargebi/mebageoba/motsvis-tsarmoebis-agroteqnologia.html  /ბოლო ნახვა 7 აგვისტო 2021/.

  • რიჩარდ დ., ბობოქაშვილი ზ., (2007), ლურჯი მოცვი — ახალი პერსპექტიული კენკროვანი კულტურა. ჟურნ. აგროინფო, თბილისი.

  • ლურჯი მოცვი - დარგვა, მულჩირება, მოშენება, ბიზნესი, მებაღეობა, პრაქტიკული სახელმძღვანელო, (2021).

 https://agrokavkaz.ge/dargebi/mebageoba/lurji-motsvi-dargva-mulchireba-mosheneba-biznesi.html  /ბოლო ნახვა 6 აგვისტო, 2021/.

  • დანერგე მომავალი (პროექტი), სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო, კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეპროექტი, https://rda.gov.ge/projects/read/plant_future/71:child

  • „Georgianblue“ ლურჯი მოცვის პირველი ქართული ბრენდი მსოფლიო ბაზარზე. 

https://business-partner.ge/soflis-meurneoba/georgianblue-lurji-motsvis-pirveli-kartuli-brendi-msoflio-bazarze   /ბოლო ნახვა 14 აგვისტო, 2021/.  

 

References:

 

  • Shengelia Z. (1983). samkurnalo mtsenareta kultura sakartveloshi.  [Culture of Medicinal Plants in Georgia, Tbilisi.] in Georgian.

  • Dateshidze L. (2000). saqartveloshi samedicino mcenareta carmoebis infrastruqturis ganvitarebis sakitxebi. evraziis fondis granti, USAID-is resursebi. [Issues of Development of Medicinal Plants Production Infrastructure in Georgia. “mecniereba”, Eurasia Foundation Grant, USAID Resources. Support: ACDI - VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) - TACIS program (United Kingdom), Tbilisi]. in Georgian.

  • Chavleishvili M. (2012). mocvis msoplio carmoeba da misi ganvitarebis perspeqtivebi saqartveloshi. [World Production of Blueberries and its Development Prospects in Georgia, „Priorities for Sustainable Development of Agriculture“ International Scientific-Practical Conference, Proceedings, TSU]. in Georgian.

  • Data are processed based on the information of the Food and Agriculture Organization of the United Nations (FAO), (2019). http://www.fao.org/faostat/en/#data/QC / last view on August 3, 2021 /. in Georgian.

  • 2020–2021 Blueberry Yearbook Reveals Southern Hemisphere Export Data, June 10, 2021. https://www.producereport.com/article/2020-2021-blueberry-yearbook-reveals-southern-hemisphere-export-data.

  • sakartvelos plora. [Flora of Georgia. Volume I -XI. Tb., 1971 - 1987.] in Georgian.

  • motsvis tsarmoebis agroteknologia. [Agrotechnology of Blueberry Production, (2020), USAID REAP, Horticulture.] in Georgian.  https://agrokavkaz.ge/dargebi/mebageoba/motsvis-tsarmoebis-agroteqnologia.html       / Last view on August 7, 2021 /.

  • Richard D., Boboqashvili Z. (2007). lurji mocvi – akhali perspeqtiuli kenkrovani kultura. (2021). [Blueberries - A New Promising Berry Crop, Journal Agroinfo, Tbilisi]. in Georgian. 

  • lurji mocvi – dargva, mulchireba, mosheneba, biznesi, mebageoba (2021).  [Blueberry - Planting, Mulching, Cultivation, Business, Gardening, Practical Guide, (2021)]. in Georgian. 

https://agrokavkaz.ge/dargebi/mebageoba/lurji-motsvi-dargva-mulchireba-mosheneba-biznesi.html/ Last Vision  August 6, 2021 /. in Georgian. 

  • proeqti „danerge momavali“,  soplis meurneobis ganvitarebis saagento, kenkrovani kulturebis dafinansebis qveproeqti [Project „Introduce Future“, Agricultural Development Agency, Berries Crop Financing Subproject].  in Georgian.

https://rda.gov.ge/projects/read/plant_future/71:child

  • „Georgianblue“ lurji mocvis pirveli qartuli brendi msoplio bazarze [“Georgianblue “, the First Georgian Blueberry Brand on the World Market] in Georgian.

 https://business-partner.ge/soflis-meurneoba/georgianblue-lurji-motsvis-pirveli-kartuli-brendi-msoflio-bazarze

 / Last view on August 14, 2021 /.